მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა


1 
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა,
მე განგიცხადებ დანამალებსა:
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძველსა ვალებსა,
რად მიჰყევ სხვათა ჭკუამთვრალებსა?
ნებით მოშორდი ვარდის კვალებსა!
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?

2 
რადგან ძლეულხარ შენისა ნებით,
თავს რაღად მართლობ თანის-თანებით,
ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით,
რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?
ხელი აიღევ მაგ სავანებით,
შემწე იძიე ბანის-ბანებით!
აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!
რად გულს განიწონ საკვდად დანებით?
სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!

3 
მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,
მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:
შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,
სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა;
შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,
ვარდთანა მივლენ კარდარაზულსა,
მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;
ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა,
მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!

4 
თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი
ან მოგეგებნენ ნაზნი იანი, -
ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანი
ნარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი,
ესრე უამბე: იყავ სვიანი,
ანუ სად ვვლიდე კეთილ-გზიანი?
ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,
მეცა გახსოვდე მცირე-დღიანი,
მომიგონებდე ფერნამკრთალებსა!

5 
ნუთუმცა ნახო ვარდი მცინარე,
გარდმოუტევე თვალთა მდინარე,
პირველად ჩემგან გულმომდინარე!
სალამი ჰკადრე არ-საწყინარე,
ეს შენათვალი მიუწინარე;
მეცა ვიყავ-თქო თავსაჩინარე,
ადგილი მქონდა დასაბინარე!
გირჩევ, შეგბრალდეს გულნამტკინარე,
მანტორ, გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი