სევდის ბაღს შეველ
1 სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავმომწონები, ისარი მტყორცა დასამონები: სრულად მიმიღო ყოვლი ღონები; მითხრა: «იფიქრე გულს ნაქონები, მისთვის იქმნები დასაყოვნები!» ვერ მივხვდი მახვილგანაწონები, მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები 2 იასა ვჰკითხე - მუნ იდგა ნაზი: ვარდსა რად უქმენ კართა სარაზი? ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი! მანცა განმაგდო: «გარეგან გაზი, შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი! სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი! შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი! შენის გონებით იქნები რაზი: ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!» 3 რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე, სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე, ვეუბნებოდი: შენ წარმიმართე იწროს გზის პოვნად - გზები გაქვს ფართე. ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე: ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე! შავ გულსა ლხინი შენ მოუსართე! შემომითვალოს: რა უკუღმართე? რად მომიგონა მოუგონები?! 4 ნარგიზი ვნახე შებრალებითა, ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა; მითხრა: «ყარიბო!» - მონაზებითა - «ვარდი მით არის გულდაკლებითა, რომ შენი იყო თავდადებითა - შენ რისთვის დასთმე სხვისა ხლებითა? თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა - რად გიკვირს გასწყრეს ცეცხლმოდებითა? ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!» 5 დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები, ბაღის კარს დავჯექ შენაძალები, ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები, ვიყავ ბედისა დამაბრალები. ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები, შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები. მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები: ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, თავი მაქვს მისთვის შენაწონები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი