ტანო ტატანო
1 ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! 2 თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! 3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! 4 ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! 5 შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
დიდებული ლექსია