სვისადმი


სახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო,
მბრუნაო დღეო!
უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო,
მხიბლაო მწეო!
მიმდომთა შენთა ზე-აღმაზეო
და წამს და-ქვეო!
დიდგვარ დიდ საქმეთ სხვებრ შემარხეო,
ქვე დამნარცხეო!

ახ მე და ვახ მე.
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

ოდეს მიძღვი ცად, მოგაჭდობ ხელთა,
შთამაგდებ ხვრელთა!
აწ აღარ გენდო, ვით მწყემსი მგელთა
არაბიელთა?
ნუმცა ვართ შენდა თვე, კვირა, წელთა,
ნუმც წყალთა ხმელთა!
სვე, შენდა შენთა ეგრე დამწვრთელთა
სარგანი ხელთა!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი,
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენს სახეს ნახეს წინათ ბრძენთ მამათ,
ვითარ შვენდა მათ:
ფასიცა დაგდევს; გთქვეს წამის წამად;
გვიჩვენებს გზა მათ.
ქურდო ვაჭარო! ერთს ყიდი ამად,
არ ღირდეს დრამად!
ყანდებრ გვაგემებ, თუ გვნახე ხამად,
ბოლოდ ხარ შხამად!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენსა ცას ასხენ ვარსკვლავნი შავნი,
მით არ სჩან მავნი!
შენს მზეს და მთვარეს აქვან იგავნი
ბნელთ მობაძავნი!
ამად დაგშორდი, არ მინდეს ზავნი
შენგან საცავნი,
რომე მაქვს შენგან ზღვათ შესართავნი
ცრემლნი ნართავნი!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი