სევდის ლაშქარი
სევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა დამიძვირდება, სიცოცხლის ფრინველი გამიფრინდება! სად მიდრკების მზე, სად უჩინარობს? სად სთოვს ნათელსა, სად მონარნარობს? სად იშლების ვარდი, სად მოცინარობს? სად ნეკტარებს წყარო, სად მომდინარობს? სად მნათობს მნათობი, სად გაბრწყინდება? დავკარგე სატრფო ჩემი ცხოვრება! დავკარგე განცხრომა და გახარება! დავკარგე სამოთხე და უკვდავება! დავკარგე მთოვარე, - ვის ემთვარება? დავკარგე მინერვა, სიბრძნის დიდება! მომაკლდა უებრო კეთილობანი, მომაკლდა ალერსი და ზრდილობანი; მომაკლდა აშიკთა მორთულობანი, მომაკლდა მუზიკა და გალობანი! მომაკლდა შექცევა, - გაცამშორდება! გამოჩნდა კომეტა ქუფრ-ბინდობისა, გამოჩნდა სოფელი უბედობისა; გამოჩნდა შემთხვევა ძნიადობისა, გამოჩნდა ჭალადი სულთ-მხდელობისა! განშმაგდა ქვეყანა, ველად განხდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი