რხევით ნაზო


რხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა,
ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე;
მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე,
მიჯნურსა ჰსწვამს სათის ინდი ის-არე!

ედემს ვარდი აღნაზარდი არია,
მჭვრეტელთათვის გიშრის ტბანი არია;
ტრფიალთ დაჰკოდს, სისხლის ზღვითა არია;
სუნთქმა, ოხვრა შამ-გლახ გულსა ის-არე!

ვარდი კრძალვიდ არ იშიშვის არადა,
არშიყს ათრობს, არას უძღვნის არადა,
ცრემლის ღვართან, მის წინაშე არადა,
გრძნებულს ჰსჩაგრავს, ეშხით ჰსდაგავს ის-არე!


ვარდო, ბრძანე: ვით შეგამკო დარითა?
მზეო, სხივი მცირე მფინე დარითა!
ნუ თუ დამგმო ნაცვლად სხვათა დარითა?
ბესიკ ფიცხლავ ტრფობა გულსა ვისარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი