რაც მიიწერა სოფელმან


დავით სარდლისადმი

რაც მიიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა!
ოდეს ვიტყოდი ენითა,
სისხლი შეკუმშლის დამრითა!
მისი სიმწარე ყოველი
გულს გარდამრთხმიან კამრითა;
ბოლოდ უშორეს ვლა მომცა,
ვხედავცა წამი-წამრითა!

სისხლისა ცრემლთა დაწთობა
საახლოდ მომსურვებია;
ხილულთა დროთა ნიშატნი
საბავთოდ მომწყურვებია;
ოდესნი ჟამნი დამგვემენ,
მით თავი მომძულვებია;
ვაი, ღარიბსა ღარიბი
ცრემლითა შეგეწებია!

გითხრა-ღა, გმირო, ხსენებით
ოდენ თუ ვიძლო ენითა:
ოდეს ავლაბრად მოვიდა
აქალო თარეშ-ფრენითა,
ავარდი ვეფხი სამდევროდ,
გაჰყევ თეთრითა ცხენითა;
მინდორთა პირნი დაჰფარენ
ლეკთა მძოვრების ფენითა.

მისძახდი, გმირო ბელადო:
„ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“
ცეცხლსა გითხოვდა ვით თივა:
„გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“
გულ-მედგრად ლომმან შეჰყვირნე:
„აჰა ლომიო, აქ-ალო!“
მყის შეიხვეწა რაზმს შიგან:
„სჯობსო, - თქვა, თავი ვაქალო!“

თქვენ ოდენ შვიდნი თან გახლდენ,
კაცნი სხვა არვინ მეტანი;
შვიდასთა ლეკთა დაუდგით
მახენი გასაცეტანი!
მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ
თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი.
მობრუნდი გამარჯვებული,
თეთრსავე მჯდომი მზე-ტანი! [!]

მას აქეთ ვსთქვა თუ ყველაი,
სადა ვით იყავ სადავით, -
ვა თუ შეექმნას მსმენელთა
უსმენნი ძნელნი სადავით!
მისთვის დავაგდენ მრავალნი,
მცირედსა ვიტყვი სადავით.
ვიცი, არ გიყვარს ქებანი,
ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი