მოით მიჯნურნო


მოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი!
ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი!
აწ მნახეთ ხელთა შემბრალელთა, მიმთელეთ წყლულნი!
ჰხედავთ, ინდელთა, მშვილდ-მზიდველთა, დაისრეს გულნი?
მათგან ტყევე-ქმნილსა, მკვდრად-მიხდილსა მიბრუნეთ სულნი!

პირსა მთვარესა, მცინარესა, ჰშვენიან ხალნი,
ვარდნი გაშლილნი ვისგან ჰშლილნი არის მრავალნი!
მათ-თანა ქმნილნი, უცხოდ თლილნი, ძვირფასნი ლალნი,
როს განძღების, მოედების ტრფიალთა ალნი!
ვჰსწყევ ბედსა ჩემსა ასაჩემსა: მისგან ვარ კრულნი!

როს ვნახენ ტანი, მეცნეს ზარნი, მოარულია!
ზარიფნი წელნი ქვეყნის-მწველნი, მოხარულია,
ბროლის-ფიცარნი, საფიცარნი, არს შემკულია,
ორნი ობოლნი, ეშყის მქონნი, მაზედ ბმულია!
ჰხამს, ყოვლი ბრძენი მისსა ქებად იყვნენ კრებულნი!

თმანი გიშერნი ელვარენი ტერფამდინ მგველნი,
ვინცა შეხვდებით, მტურად გახდებით, მისნი მნახველნი!
მისთა მიჯნურთა წამს შეიპყრობს სენნი მომსვრელნი!
მზე ცუდ-მაშვრალობს, ამით ნათობს მთანი და ველნი!
მას თუ არ ჰშორავთ, შეიქნებით ეშყში დანთქმულნი!

ჰოი, რაბამად საკვირველ-არს ჩემებრ გაძლება,
მარადის სულ-თქმა და ტირილი და ქვეყნად რება,
ესრე უწყალოდ ჭრა და ხევა და სისხლში ღება!
ეს მაქვს ნუგეშად: ჩემი ბრალი მას ეკითხება!
იყავით ჩემთვის მგლოვარენი, გულ-მტკივნეულნი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი