მე შენმა ფიქრმა მიმარინდა
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა! ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს; შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს; უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს; უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს! არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა? თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი; შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი. პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი; სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი! ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა! მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები; გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები! რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები! შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები... ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი