ეტრფის მთიებსა


ეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი;
სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი;
სული რბის სწრაფით მის-კერძ სრბოლით, სევდალ-ჭურვილი;
თვალნი ვერა სჭვრეტს; ხამს, დაბნელდეს ბინდ-მობურვილი,
თუ დავალებულს გულსა შეხვდეს მისი წყურვილი!

სცვენ ჰინდთა ჯარნი დარაზმულნი ბროლისა ველსა,
მუნიდგან ისრის გამტყორცელნი დაჰკოდენ ხელსა;
ვარდი, ზამბახთა შერეული, ნამსა სცვრის თხელსა;
სადაფნი ძოწსა მოუზღუდავს გონება-ქველსა;
განვჰკრთი მჭვრეტელი, თავ-რეტებად მინაწურვილი!

ტან-ნაკვეთ სრულო, ალვად გულო, შაშპრა-სოსანო,
ნარდო-ზმირინო, ხმა-სირინო, ამოდ-ხმოსანო,
ზილფო-კასიავ, ნამკ-სასიავ-კინამოსანო,
დათხზულ-დალალო, ბროლ-და-ლალო უფასოსანო,
შენსა ვერ მჭვრეტსა თვალთა სდიან ცრემლი-წურვილი!

მეყნოსა ოდეს სურნელება თმისა შენისა,
მყისვე გაცუდდეს მრავლადობა ჩემის სენისა;
ამოდ და წყნარად სიტყვა მესმა მზისა ენისა,
შევსვი შარბათი ბაგეთაგან არ საწყენისა;
მისთვის შემექმნა გული მუნვე მინაშურვილი!

ჰე, გულო კრულო, ისარ-კრულო, ბედსა ხარ მწარეს!
გიხმს, თავო ზღვათა შესართავო, რბოდე მისს არეს!
ღარიბად ვლიდე, კართა სცვიდე, თუ შეგიწყნარეს,
სადა ჰინდოთა ბნელ-ბინდოთა სათნი შესარეს,
მონებდე ხლებით, მისსა თნებით, სტრფოდე ურვილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი