ანტიგონე


ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი
მებაღევ, გესმის?
ბრინჯს, სიმინდს, ხორბალს
– შენი ცოლის ფხვიერი ტანი,
მკვდარ ლეკვს
– ფეხსაცმლის ძველი ყუთი
წყალს
– ცხელი პეშვი
ნაყოფს, ხის ძირას ჩამოცვენილს -
კალთის შეშვერა.

ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,
მეთევზევ, გესმის?
ზღვაში დათესე ყველა თევზი,
რაც ბადეს მოჰყვა,
მტვერს ამრავლებენ ნივთები და
დამტვერვა ნივთებს,
ხოლო სიყვარულს
– შენი ხელის მხარზე დამყნობა.
ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,
დიანა, გესმის?
ყველა ნაგავი დაიბრუნე,
რაც გადაყარე,
თაროზე მტვერი,
მაგიდაზე ხახვის ნაფცქვენი
ყველი და პურიც გაამზადე –
თაგვის სამხარი.

ყველამ დამარხოს ყველა მკვდარი
მერე მაჩვენოს -
გვამი თესლივით თუ ღვივდება
წყალში დამბალი.
მარცხენა ხელი ჩემი ძმაა
ძმაა მარჯვენაც,
მარჯვენა მკვდრად და
მარცხენა კი ცოცხლად დავფალი.
ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,
ყველამ დამმარხეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი