გალათეა


მკვახე სიტყვები მწიფდებიან.
როდესაც სასა ისე ტკბება -
შაქარს ობივით მოიკიდებს.

ჩვენ რძე თეთრ ზეწრად გავახამეთ.
დუმილს, ჭერზე რომ ებჯინება კენწეროები,
ისე ძლიერად ვარხევთ და ვბერტყავთ
რომ ჩვენი სუნთქვა ტოტებად და ფოთლებად სცვივა
სიტყვის წვნიანი ნაყოფები
ზეწარს გვისვრიან.
მკვახე სიტყვები მწიფდებიან
როდესაც ყელი ყველა მხრიდან ისე ხავსდება,
ვერ დაინახავ ჩრდილოეთს და ვერ გამოაგნებ.

მოდი, ამ დილით გავიღვიძებ –

შენი კანის უბრალო ტილო,
გაფითრების თეთრი მიტკალი.
ღამის ატლასი,
მზის სხივების თბილი ხავერდი,
სისხამის შალი
გამჭვირვალე წყლის აბრეშუმი,
ჩვილი ბამბა და ბამბაზიაც დასაწყისისთვის.

შეხებასავით მარტივია დღეს ყველაფერი.

მკვახე სიტყვები მწიფდებიან,
მარმარილოც დამწიფდეს,
დროა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი