განიმედი


კარაქის გარდა,
ამ პურზე რომ მურაბაც ესვას
ტკბილად წვეთავდეს,
ვუხვედრებდე ენას და თითებს,
და მამაც იჯდეს მაგიდასთან
მკაცრად და მშვიდად
მურაბით დასვრილ სახელოზე
მიმითითებდეს.
ქიშმიშის გარდა
ამ შოკოლადს
თხილიც რომ ჰქონდეს
ციყვების ყველა ბუნაგიდან
გამოტანილი
ბაბუაჩემი თავის ახალ ღვინოს სინჯავდეს,
აქებდეს
– კარგი სურნელი აქვს, გემო, ტანინი,
ჩაიდნის გარდა,
შოკოლადიც დუღდეს ქურაზე
მე – მწიკვით ვანილს ვუმატებდე,
დედა – დარიჩინს,
შუადღე იყოს,
ჰაერი კი სუფთა და თბილი,
ჩემი და – შოპენს,
ძმა – გარჩეულ კაკალს არჩევდეს.

წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი