გრამატიკის გაკვეთილები


“მოვლენის ჩავლა სიტყვასა და
სათქმელს მიღმა”

სოჰრაბ სეფეჰრი

I - პირის ნიშნები

ერთხელ ვიყავი მამაშენი,
შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება,
ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო და-ძმას ვბადებდი,
ერთხელ ვიყავი დედაშენი,
სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად
უხვად გიფშვნიდი
და სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი.
ერთხელ ვიყავი შენი ცოლი,
ლოგინში სითბოს
ნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი,
იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი,
პურზე კარაქის,
როგორც ხელზე ხელის გადასმას,
გიზოგავდი და ისე გაჩვევდი.
ერთხელ ვიყავი სინათლის ხე
შენი ფანჯრიდან,
კრეფდი ღამურებს – უმწიფარი შიშის ნაყოფებს,
ერთხელ ვიყავი მაცივარი
და მხოლოდ შენთვის
საყინულეში მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი, ]
ერთხელ ვიყავი შენი კაბა
და სულ შემთხვევით
შენს ქმართან ერთად კარადაში შემომისწარი,
სიტყვის მორგება კაბის ნაცვლად
მაშინ ისწავლე.
ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდა
მრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი,
ერთხელ ვიყავი შენი ქმარი
და ცვილის ფრთები,
როცა ნათურას ვამაგრებდი, მაშინ დამიდნა.
ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინა
ფეხები ძირში გადამაჭრეს
ზეწარი აფრად გამომაბეს,
ბალიში წყალში დაახრჩვეს და
გამდინარე წყალს დამაყოლეს,
მაშინ ისწავლე სიზმრის სუნი,სიზმრის შეხება:
(შუბლზე – გლობუსის აზიაზე
ძმრიანი ტილოს დაფარება,
ცივ მდინარეში გაგრილება
საბნიდან ფეხის გაპარებით......)
ერთხელ ვიყავი ხელთათმანი
და შენ მაგივრად
ბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი,
ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე,
უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი,
ერთხელ ვიყავი ჭერი
შენი საწოლის ზემოთ,
მზერით ამხადე, მეცხრე ცამდე გამაფართოვე,
ერთ დღეს, ორივემ გავიგონეთ ფრთხილი კაკუნი –
დასჭედეს კუბოს სახურავი
და მიგვატოვეს....
თოვლის პაპას რომ საჩუქრები ჩვენგან მიჰქონდა,
მაშინ ვიყავი შენ და მფიქრობდი.
ერთხელ.

II – ადგილის გარემოება

იყო ქალაქი,
სადაც შენ იყავი ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა
და შენზე ზურგით მიყრდნობილი სკამის ნეკნებს ითვლიდი

( შენი მალები – ამბობ – ლიფტის ღილაკებია,
ყველა სართულის ნეტარებას გამოვიძახებ)

იყო ქალაქი,
სადაც ასფალტს ყოველდღე რწყავდი
შადრევნიანი სკვერები რომ ამოსულიყვნენ

( რადიოტალღები – ამბობ, -
და ჩვენც – რადიოთევზები)

იყო ქალაქი
და საბანი
და მთვარე შიშველ ცერებს ითბობდა

(შენ ამბობ – არასდროს არ წერო მთვარეზე,
სკამი ფანჯარასთან დადგი ზურგშექცევით)

იყო ქალაქი
და ჩვენც ვიყავით.

გიყვები როგორ, როგორ არ და როგორ ძალიან,
და ყველაფერი გასაოცრად მარტივი ხდება,
აღმნიშვნელებმა გაიხადეს აღსანიშნები
სიტყვაში “სახლი” ჩვენ ორს გვიწევს გადასახლება,
დავსახლდით,
ახლა გამოვაღებ ხმოვნების ფანჯრებს
რომ მერე სუნთქვა გავასწორო მათზე – ფარდები,
სიტყვებმა, როგორც ყვავილებმა დაკარგეს ღერო
და ორდღიანი პეპლებივით დაფარფატებენ,
იყო ქალაქი, როგორც ქმარი სამსახურიდან,
მისი ფეხსაცმლის ძირებიდან,
ჩემი თმის სარჭით
ვჩიჩქნიდი ტალახს და ხიდისქვეშ მიმჭკნარ მეძავებს
და ვერცხლის ბურთებს გატეხილი თერმომეტრიდან
ვღეჭავდი,
როგორც მენთოლიან საღეჭ რეზინას.....
მოვკვდი,
ან იქნებ გადამიჭრეს კედებზე თასმა –
ფეხის თითებმაც აიშვეს და -
ნამი, ბალახი....
გაქრა ქალაქი და ასფალტი
და წუთი სადაც
არ შემიძლია არსებობა, თუ შენ არა ხარ!

და ერთადერთი ერთად ყოფნას რაც გვიადვილებს –
სიტყვებს ვუნაცვლებ მნიშვნელობებს,
ნივთებს - ადგილებს.

III - სასვენი ნიშნები

ნაბიჯი
ჩვენ ვსუნთქავთ
ქალაქი წყალშია,
მივდივართ,
ნაბიჯი
წყალშია ქალაქი,
დღეს ცხრასართულიან მწვერვალზე მივცოცავთ
ნურც წყალს და ნურც საგზალს ნუ მოიმარაგებ.
აქ ძაფგამობმული ფერადი ფილტვებით
გულს უნდა გაფრენა – ყელთან გვებჯინება,
ფრთხილად დააბიჯე აივნის მოაჯირს
მცდარად ირეკლავენ გზას – ფანჯრის მინები,
აქ ნისლი არ არის,
აქ წვიმის წყალია,
სახურავებიდან ბზარებში ნადენი,
ქალაქი სარეცხის თოკებით გვამაგრებს,
ავედით,
მწვერვალზე ვაყენებთ ანტენას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი