დედის ლოცვა
პირში წყალი რომ ჩავიგუბო მუცელში წყალი ჩაგუბდება? იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს? ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ. და ვფიქრობ შენზე, გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ მიზნისთვის ლუპის დამიზნება – თვალის მიბჯენა აღმოსავლეთზე - მზე ამოდის, სხივი გადატყდა ვისმენ რძის სუნს და რომ ვერ ვამბობ რძის სუნს, ვმუნჯდები. და ვფიქრობ შენზე გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ ეს ჰგავს მარსზე წყლის აღმოჩენას. მთვარის კრატერებს წარმოსახვითი შაქრით ვავსებ – იქნებ ჩემსავით გიყვარს ფერადი კარამელი – ვარსკვლავთა მტვერი. ლოდინი: როცა მზე რვა წუთით არის გვიანი ჩრდილში მზის ლაქებს ნაყოფებად ლეღვის ხე ისხამს, გამოსავალი – მზე ერთ დღეს თუ სიკვდილს ინებებს ვიპოვნით სხვა მზეს - ათასობით ბეტელჰეიზეს. და მაგნიტური ქარიშხლები, ათასნაირი ტყე და ცეცხლი. მაინც გაივლი. ის, რაც ნამდვილად საშიშია, წვრილმანებია: პური თესლში თუ ჩაიკეტა, კვირტში ყვავილი. ცაზე ვარსკვლავი გაიშალა – ცისკრის აგავა – და ჩვენი ეზოს ყვავილების ნათებას ერთვის, ნუ მომეჩვევი, სახლი არ ვარ, მხოლოდ ბაგა ვარ. შენთვის. პირში წყალი რომ ჩავიგუბო მუცელში წყალი ჩაგუბდება? იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს? ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი