კალეიდოსკოპი
გუშინ მეგონა გავიზარდე, თურმე დედა ვარ თავის პატარას ჩუმ-ჩუმად რომ კანფეტებს პარავს, გუშინ მეგონა, ვარდისფერი საპნის ნამცხვარი ვჭამე და პირში ამიქაფდა ბავშვობის ძაღლი, დედაჩემი კი მარწყვის ტორტია! კრემისკენ თითის წაპარება არის სურვილი მისი დიდობა და დედობა ჩაიზიარო. მარწყვის ტორტია დედაჩემი, ნაჭერ –ნაჭერ დაინაწილეს. გუშინ მეგონა გავიზარდე და ბავშვობაში მოწამლული ძაღლის საყელურს გზისპირა სკვერში დილაობით დავასეირნებ. გუშინ მეგონა გავიზარდე და “სახლი ხეზე” მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე გადმოვაბარგე. გუშინ მეგონა, მივიპკურე ყელთან სუნამო, გემრიელია, გული მწყდება ჩემს თავს რომ ვერ ვჭამ. ჰაერში ისევ ძაფგამობმულ ბავშვებს უშვებენ, მერე ესვრიან და ხეთქავენ და მე სიცხე მაქვს..... ყურძნისთვის პურის შეტანება – მე შენს მუხლებზე, ასე უბრალოდ, რაღაც იწყება. გუშინ მეგონა გავიზარდე ბოლო სუნთქვამდე და სუნთქვის მერე ვაგრძელებ თამაშს, დედაჩემი კი მარწყვის ტორტია ვეძებ და ჯიბით ვარდისფერი სანთლები დამაქვს. ჩემი ოდესმე დაბადებისდღის..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი