რიტუალის ქრონიკები, ერთი დღე
ბებიას I დილა ჩემი ხმა სახლთან ამოყლორტილ ხმაურის ხეზე შავი ლეღვივით მიმწიფდება და მეხლიჩება. ბებია მოკვდა. ( ჩემს პატარას ვუმზადებ წვნიანს, - ფრთხილად, ცხელია, მივაწოდე კოვზი - ნიჩაბი) წვნიანის ფსკერზე ვერცხლის კოვზით დაკაკუნება მშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარს ხსნის დილით მიირთვეს საკუთარი თმა - ფრჩხილ - ნუნები ხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს. არ შია, თეფშში მაკარონის გველთევზებს დასდევს ხახვის მედუზებს... კარტოფილის კუნძულ მეჩეჩებს, (ვხედავ, ბებიას ვარდისფერი აცვია კაბა და თავსაფრიდან ჭაღარა თმა გამოეჩეჩა). წვნიანის ფსკერზე ვერცხლის კოვზით დაკაკუნება მშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარს ხსნის დილით მიირთვეს საკუთარი თმა - ფრჩხილ - ნუნები ხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს. II პროცესია აღარ გეტევა საკუთარი ფეხსაცმელები - არ გაქვს პირობა არც საკლები აღარც მაკლები, ჩქარობ გაქცევას, გასაქცევად ძალიან ჩქარობ ქალაქის ყველა შუქნიშანზე წითლის დაკრეფას. პერანგი თბილი ხელისგულით გაგიუთოვე, სხეული მიწას, სული უფალს ხმას ვის უტოვებ? III ბოლოს გააღე კარი ნუღარ დაკეტავ წყალი - დაძმარდა, პური - დაკუტდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი