ჩვენი ბრაილი


"იასამნისფერ,
წითელ,
ყვითელ,
მწვანე, ოქროსფერ
ფერებს ითხოვდეს,
მეტრო - მეტრო დამათხოვრობდეს"
(ჩემი ძველი ლექსიდან)

(ზაზას, რომელიც ხედავს
და ყველა უსინათლოს)

თეთრი - ეს უფრო ბგერა არის - ალბათ ფლეიტა,
ფლატეა, ფრთხილად, ციცაბოა, არ გადაქანდე
- სუსხის ბგერები გვესობიან -
განა ბეღურებს - ჭრელ თუთიყუშებს გვიქანავებს
ყინვის ქანდარა -

ჩემი მეზობლის ოცი კატა - მთელი ორკესტრი
კნავის - ეს უკვე ყვითელია, მთვარე სავსეა
ჩვენი ელექტროყვავილებით - სახლების შუქით.
როგორ თენდება-
ცა ალუბლის მუსით დასვარეს.
შავი - არცერთი ხმა არ ისმის,
გვძინავს ან ვკვდებით,
ფრთხილად ჭრიალებს იატაკი -
ჩანს - განაცრისფრდა,
ცისფერი - ტალღა ცხელ ტერფებზე,
დამშვიდდა სუნთქვა,
ქარმაც სამოსში შეინახა მტვრის და ნაცრის ფრთა.
წითელი - ლავა და ასოცი ვოლტი, ვოლტორნებს
ტრომბონებს, ტუბებს
ყველას ერთად უკრავს ორკესტრი,
შენი თითები ჩემს მუცელთან - მწვანე,
ლურჯი კი -
სანამ ოქროსფრად ინათებდა კოცნა მოგვესწრო......

შენ მეკითხები - სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს დავყრუვდეთ
მე გეკითხები სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს დავყრუვდეთ

მპასუხობ: შენი ათასფერი ტბები ამოშრა
გპასუხობ -შენი ათასფერი ყანა გადახმა
და მაშინ მზერაც კოცონივით გადაბრიალდა.

ჩემი ბრალია ეს ბრაილი
შენი ბრალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი