კლიტემნესტრა


ჩემი ქმარი ხარ -
ჰერაკლე ხარ.
ყოველ საღამოს
ომში მიდიხარ,
ყოველ დილით
ვეღარ ბრუნდები
მე შენს დაღლილ და მტვრიან სხეულს
რძით, ზეთით განვბან,
მერე კი თავთან დაგიჯდები –
შენი ლამაზი, მგლოვიარე, ერთგული ცოლი.
ჩემი ქმარი ხარ -
პერსევსი ხარ.
ყოველ საღამოს
ომში მიდიხარ,
ყოველ დილით
ვეღარ ბრუნდები
მე შენს დაღლილ და მტვრიან სხეულს
რძით, ზეთით განვბან,
მერე კი თავთან დაგიჯდები –
შენი ლამაზი, მგლოვიარე, ერთგული ცოლი
ჩემი ქმარი ხარ -
თეზევსი ხარ.
ყოველ საღამოს
ომში მიდიხარ,
ყოველ დილით
ვეღარ ბრუნდები
მე შენს დაღლილ და მტვრიან სხეულს
რძით, ზეთით განვბან,
მერე კი თავთან დაგიჯდები –
შენი ლამაზი, მგლოვიარე, ერთგული ცოლი.
ეს ვიწრო მხრები – შენი ვიწრო თვალსაწიერი,
წითელ ხალიჩად ენას გიფენ –
გმირო, იარე...
და რადგან ცოცხლად ვერ ტოვებენ გმირები ბრძოლას
შენივე სისხლის აბაზანას გიმზადებს ცოლი.
ჩემი ქმარი ხარ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი