მედეა


ის, ვინც საკუთარ გამონაბოლქვ სუნთქვას გაჰყვება
უცხო მხარეში –
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგან ერთ დღესაც
აივსება ყველა ბეღელი
და მოხარშული ხორბალიც კი აბიბინდება.
ის, ვინც ღრუბლიდან
შუა ზღვაში გადავარდება -
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგან ვერცერთი,
თუნდაც შავი,
ზღვა ვერ დაგახრჩობს
თუკი შენი სახელი ჰქვია.
ის, ვინც საკუთარ ტყავს გაიხდის,
დარაჯს მიუჩენს -
გასაქცევად დაეძებს მიზეზს
რადგან ერთხელაც
ეძინება ყველა გველეშაპს
ყველა სიფრთხილე და სიფხიზლე
დასაძლევია.
ის, ვინც მინდორში კბილებს დათესს -
მოიმკის შიმშილს
- გასაქცევად საჭირო მიზეზს,
რადგან მიწიდან ამოწვერილ
ყველა გოლიათს
ფესვებს მაინც მახრა შეუჭამს.
ის, ვინც უცხოელს შეიყვარებს
(სწრაფმავალ ხომალდს )
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგანაც ყველა იმ მდინარის პირას ბრუნდება,
სადაც ცალი სანდალი დარჩა.


შენ ვინც საკუთარ თავს დაეძებ,
ნუ მოხვალ ახლოს,
ღამე მინდორში გაათენე,
დიდი ხანია მდინარეებს არ მოაქვთ ოქრო
მხოლოდ თევზები ანათებენ,
და სიტყვებს შორის მანძილები
მიჩირქდება,
მიმიზეზდება...
გზები რომ არა,
დაგტოვებდი,
მოგიბეზრებდი...

და ისე მშვიდად,
როგორც ნიმფა ტანზე რძეს ივლებს, –
მეც გასაქცევად დავეძებ მიზეზს –
ვხოცავ ჩვენს შვილებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი