წრეში მოქცეულის წრიალი


დრო ხომ შემჩნეულია -
გაპარვაში, გასვლაში?!.
შეუმჩნევლად დაგაგლახებს,
სირბილს მოსდევს ლასლასი.

მბრძანებელის საუფლოს
რითი აღარ მოსავენ;
დაჭმუჭნულნი დროისგან,
ვეფერებით დროსავე.

მოსრავს ყოველს, თვითონ მას
ვერა ძალა ვერ აღგვის...
დაგცეს, დაგაუძლუროს -
ხელობაა ვერაგის.

რიყეზე ვართ, არყოფნის
გვერეკება ჩვენ ქარი;
მარადისის ნამცეცები
გვრჩება აუკენკარი.

სანამ ყრუ, დამხუთავი
თაღი დაგეხურება,
ამდენ საცოდაობის
დაგშლის მხოლოდ ყურება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი