მიძღვნა ხევსური მელექსეებისადმი
მოგესალმებით მგოსნებს ჩაუქებს, თქვენი ნამღერით გულგალღობილი. მე თქვენი ლექსის შუქი მაშუქებს და უსათუოდ ვართ ახლობელი. ვიცი, მოგავხართ ბრძენ ხოგაის მინდს: ზვერავთ ბუნებას მზერამშიერი და თუ ჩემი ხმის ეხოც გაისმის, _ ვართ თქვენი ჯიშის მე ნაშიერი. მსურს, ჩემს ლექსებსაც, გამძლე ძარღვებად, აქვნდეს თქვენი თქმის ფხა და მეტადრე: შესძლოს ნამღერმა ღამის გარღვევა და მთებს დაადგეს ნათელ სვეტადა. რომ დარჩეს სიტყვა _ ბოკვერი ვეფხვის, ვინც გალიაში ვერ გამოკეტეს. ჰქონდეს სიმტკიცე, სითბო და ეშხიც, კაცურად შეხვდეს მტერს და მოკეთეს. მოგესალმებით მგოსნებს, ჩაუქებს, თქვენი ნამღერით გულგალღობილი, მე თქვენი ლექსის შუქი მაშუქებს და უსათუოდ ვართ ახლობელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი