მზექალო


მზექალო,
დრო იყო:-
სურათი პატარა,-
შენივე ხატება წმინდა,
მიძღვენ და მითხარი:
“-ხატივით ატარე,
თან გქონდეს,
გახსოვდე,
მინდა!”
ძვირფასო,
იმ ძღვენზე ძვირფასი რა მქონდა
(ვერც მიძღვნას ვერა რა კაცმა!)
მყის ყელზე შევიბი შიბით და დამქონდა,
ისე,ვით იესოს ჯვარცმა!
შემდეგ კი, შენ იცი:
შენივე შერისხვის
მახვილი მეხივით მეხო
და მაშინ, მე, შმაგმა
ეშმაკად შეგრაცხე,
გავშალე წყევლათა ეხო…
და შენი ხატება,
მზექალო,
ავახმე…
მკერდიდან მოვიხსენ რისხვით,
მივხოხდი ბუხართან და ცეცხლში ჩავამხე,
დავწყევლე ის დღე და რიცხვი…
ძვირფასო,
შენს პროფილს მოედო მყის ალი,
აინთო
და ჩაქრა ცეცხლი…
დაფერფლილ სურათზე მე მაინც გიცანი,
ვარკვევდი შენს ნაკვთებს შერყვნილს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი