თქვენ როცა ქუხდით ჩაუქნი ..


თქვენ როცა ქუხდით ჩაუქნი, ჯიქნი,
მე მაშინ ქისტებს ვესროდი ხირიმს
და არ ვეჭვობდი: ჭაუხის იქით, –
რომ თავდებოდა ქვეყნის ნაპირი.
ვზვერავდი მოძმეს ტანშეჭურვილი,
ბორგავდა მტრობა გულს ჩანარჩენი,
შურისძიება მქონდა სურვილად
სა სასახელოდ ქისტის მარჯვენა.
მსხვერპლს დარაჯობდა თეთრი არწივი,
(ჩვენ მისგან ბევრი წყლული გვტკენია),
და რა ვიცოდი, მისი არჩივი
რომ გახდებოდა თქვენი გენიაც.
დღეს კი თქვენს ლექსებს თქვენი მმკობარი
ვასმენ ხევსურებს ცეცხლიან გულით,
გვერდს მიზის ქისტი, – ძმა, მეგობარი
და წელთ მარტყია ისევ ფრანგული.
ახლა ჭაუხსაც სხვა სხივი ანთებს
(ნეტავ იმ დროში თქვენაც მეხილეთ)
და ჩვენი ხანის მარტინოვს, დანტესს
დავეძებ ამ ხმლით პირგამეხილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი