დიდი მზე


ღამე ღრუბელთა ღალას თუ მზითევს
მძღვნის
და იღვრება ნამად თუ ოფლად.
ქვესკნელსდანთქმული მზე ამოვზიდე
და დამაშვრალი ვბრუნდები სოფლად.
ვეშვები დაბლა, გულგახვითქული,
თან კმაყოფილი ქველობით ჩემით;
სამყაროს იპყრობს დილა დიდგული,
მზე კი მთის თხემზე კაშკაშებს კდემით.
ჰაუ, რამდენი სისხლი და ჯაფა
ვხარჯე,
რომ ღამე მექცია დღედა;
მიგლეჯდა ჯანღი სიჯიქის ჯავშანს
და მაგინებდა ცოლსა და დედას.
უკუნი კუპრის კბილებით მკბენდა,
ყინვა მიპყრობდა მთოშავი ჭანგით,
ხანდახან კბილით ვეკიდე კბოდეს
და მაინც
სიტყვით,
გულით თუ ჰანგით,
მთელი ძალ–ღონით,
ჭირით თუ ეჭვით,
თუ რამ გამაჩნდა ან ახლა მახლავს, –
მგოსნის გულით
და იმედის ჯაჭვით
მზეს ვეწეოდი მაღლა და მაღლა…
და აი,
ღამე ღრუბელთა მზითევს
ტოვებს
და ბოლავს ორთქლად თუ ნისლად;
ქვესკნელს დანთქმული მზე ამოვზიდე
და აწ, დამაშვრალს, შინ მინდა მისვლა,
რომ დავივანო მიწურის ჭერქვეშ,
რომ მოვიმარჯვო სიმხნე და ჯანი,
რომ ამ დიდი დღის ქომაგი მერქვას,
რომ ამ ჩემს დიდ მზეს ვუმიჯნო ჯანღი,
რადგან თუმც ღამე
ხარკსა თუ ხოტბას
მიძღვნის ახლა,
მაინც მოსისხლედ რჩება;
მე, შიძლება, წავთვლიმო ცოტა,
მაგრამ ღრმა ძილის არა მაქვს ნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი