მე და მაისი
მე და მაისი მთაში მივდივართ, აქ, ბარში, საქმე გამოგველია; მწვანე ვაწვიმეთ ტყეს და მინდორსაც. ლიხს აღარც გორნი გამოგველიან. მზე მივაზღვავეთ ქართლზე, კახეთზე, ფერთა ზღვა ვფინეთ ქალაქის კართან, წყალობის თვალით დაბლობს დავხედეთ და დავაბერტყეთ დოვლათის კალთა. ახლა მთას მივალთ მე და მაისი და ზამთრით დამთვრალ უშგულს და არხოტს ლიხს მიუხვავებთ, ფოთოლს მიუსევთ, ჩქერს მივცემთ ზვავთა ღაწვების ნახოკს. ფიფქისფერ ნისლებს წვიმას დავუკვეთთ, ელვას ჩავკრავთ და ჩავახლით მეხსა, ჯიხვებს დავაფრთხობთ მაღალ ჭაუხზე და მივახიზნებთ საჯიხვე ეხსა. ფერდობს შემოვფენთ ფერდჩაყრილ ნახირს, კლდიდან ვარდნილებს დავუშვებთ შფოთით, დე, არხოტმა და უშგულმაც ნახოს მაისის მადლი და მარიფათი. ხოლო სვანი რომ გაიტანს გუთანს, ხევსური როცა დაბღუჯავს ერქვანს, – ჩვენ მაშინ იებს დავიბნევთ გულთან, რომ გაზაფხულის მეკვლენი გვერქვას. მერე ვიფიქრებთ მოსავლის ბედზე, ცელს დავლოცავთ და საყანეს დახნულს და კავკასიის დაკბილულ ქედზე დაველოდებით თაკარა ზაფხულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი