ინვექტივა-მონუმენტი
I სამყაროს რისხვა შენთვის ახია და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა, რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა. წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს, იმდენი დედის გიღვრია ცრემლი, შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, – შუბლს დასწოლია ვითარცა გველი. შეკრული შუბლი შავი ხევია, წარბნი გველნია, სავსე შხამითა, ისინი არც კი შეირხევიან გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა. მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ, ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს, ეგ ნაოჭები მე მაგონებენ: წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს. შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს: ადამის ძეთა ამოწყვეტასა… 2 ჩაღრმავებული შენი თვალები ვულკანებია ჯოჯოხეთისა, უცხოა მათთვის რამ შებრალება, უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა… მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას, მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას. მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი; ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს, მისთვის უცხოა აზრი კეთილი. თვალში გველები შუბლზე გველები, წარბნიც გველები – გველებს ეთვისა შენი ყურები არის ხვრელები იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა. შენი ყურები სატანის მოდგმის, – არის ხვრელები ლუციფერისა, რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი. ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი, უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს, რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს… 3 შენ დააბნელე მსოფლიო თალხით, მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად, თავისუფლება წაართვი ხალხებს და თავისუფლად ფიქრის უფლებაც. შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით, რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით გამოთქვამს იგი, აჟრჟოლებს ტანში, – უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით. შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე, ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი, რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით, შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად. შენ უწმინდესი ტაძრები უფლის გადააქციე ცხენის თავლებად. კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე და შენმა შხამმა მთებიც მონავსა, მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა! ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება, მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ, ჰაერი რად არ დაიშრიტება ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა… რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი, რად არ იქცევა ნეტავ ქედები – შენგან დაღვრილი ამდენი შხამით, რაც დააზღვავე შენივ ქმედებით… მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი; ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის არის უბრალო გაფრენა მწერის. შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი, ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, – შენ წყეული ხარ შენივე საქმით. შენ წყეული ხარ შენივე აზრით, შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ, შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ. აქციე ციხედ თუჯის თაღებით და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს, შენ თავკაცების წმინდა წაღები მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ! შენ თავკაცების მწვედ გამწირველი ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს, რომ ყოფილიყავ თავად პირველი, რომ დაგეოკა ეგ სიამაყე. რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს, ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი… ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ, რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები. და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი… ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი, რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი. ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, – სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა, სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას, რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა. დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს, მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით, თან მილიონებს მიცემენ ხანძარს. ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის, ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ, თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, – სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც. შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, – ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც, მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო, რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს. ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი, მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო, თავად დაიდგი შენ მონუმენტი. შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი თავად დაიდგი სიავის შმორით და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი. 5 რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი, სამყაროს რისხვა შენთვის ახია და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის. შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს, ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს, იყავ წყეული აწ და მარადის ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად. ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი, გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა, ოდეს დადგება ჟამი განკითხვის, როს წარუდგები უფალ-იესოს, რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო! 6 შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა ხარ შავ ხროვაში გამოკიდული, შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა შენ ააყეფე ხმა მოსყიდული. ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი, ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის, რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, – თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი, დაიცა შენი ჯერიც დადგება, – აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას და მათი ლექსის მძლე აზათქება არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს. ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს და ლექსი ეტყვის შთამომავლობას თუ რა არგუნე შენ დედამიწას. 7 შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი, მაგრამ იცოდე: თაობა ესე ხვალ მესაფლავე იქნება შენი. შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი… შენი მკლავები არის ბორკილი, – ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი. რაიცა გველი ამა პლანეტას, შემოხვევია და ხარბად სალტავს, თან მაინც კიდე ეცოტავება ესე მსოფლიო სამეფო ტახტად. გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი, შენ უდიდესი აიგე ძეგლი, ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი. ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის, ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი, სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: – მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი! 8 შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას, უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა, ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას, დამ და დაახრჩო დაუნდობელად – და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო, რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო. არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი მთელი სისრულით რომ გამოგხატოს. 9 შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს, ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე. შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს, რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე. მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება, კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს. მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება, რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს. ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში, ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული მთელი სამყაროს ბოროტებაზე უბოროტეს არს ეგ შენი გული. იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება და არის მასზეც ათასჯერ მეტი, აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი. შენ თვით დახატე შენი ხატება, შენივე სიტყვით, შენივე საქმით, რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა, მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით. შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი, შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი, ცრემლით და სისხლით სახელოვანი შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი. 10 აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ, იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, – დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან. იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა, ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა. დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა. შენთვის სამყაროს ახია რისხვა და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა რამდენი ღერი გასხია თმისა, იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა, სამყაროს რისხვა შენთვის ახია და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის, რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი დედის გიღვრია ცრემლი. დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა, ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო, შენთვის არავინ არ ატირდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი