ლენინი
მღელვარება ღრღნის ქალაქის ქალას: ჩავარდნილ თვალებს და ღია ბაღებს. უძრავ ლენინით მრისხანე ძალას სძრავენ ზოდები - დახურულ კარებს გრიგალი აღებს... მახსოვს იმ დღეთა ტოლნი და სწორნი... შფოთავს, საოცრად შფოთავს ვოლტორნი და ფაგოტები... ასეთ დროისას ვსვამ მე ფიალას! მსგავსი ქარხნების დაბურულ კრთომის გრიგალი ღრღნიდა ქალაქის ქალას... იქ ავლენილი, ლენინი - მსხვერპლი ბოროტი ტყვიის - ორი ბოროტად ანთებულ ომის და სამი მძაფრი რევოლუციის დროშა - ლენინი. დადგნენ მედგარი მოიმედენი: ოცნება თოვლში დაკარგულ ქოხის და რკინის დროის გზაჯვარედინი. პროლეტარიატი! ეს გუგუნია მთელი ეპოქის, განწირულებით ის ეძებს ფერებს, რომ მოეფინოს დაჩაგრულ ერებს სითბო მარადი. დახარეთ დაბლა დროშათ ბანაკი! აქ ბევრი ბრძოლის გათავდა ვადა, სტოვებს ბელადი და ამხანაგი დევიზზე დევიზს: გაქრა შიმშილი, მოკვდა ბლოკადა, გათავდა ომი სამოქალაქო, მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო, მსოფლიო ნგრევის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი