დაბრუნება


ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს,
არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს,
სადაც მზე მწველია, ცხელია დარები,
მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები,
გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანი
და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი.
ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისს
თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.
და
ყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზე
ხაზებად იშლება ეროსი,
სიონი მთაწმინდად, გეგუთი გელათად,
არაბთა თვალები, ქცეული ელადად,
აზია -
აღელვებს ოცნებას.
საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის,
მიდამოს სდებია.
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -
ეს ჩემი სამშობლო მთებია!
მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები...
ირგვლივ ზვირთებია
და გემი “დალანდი”, რომლითაც ვბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი