ვინა სთქვა?!


დაბლა ჰყრია ქვა და გუნდა,
ხმელი ნეშო, რკო და წაბლი,
მაღლა მთაა, სადაც უნდა
გადაფრინდეს დირიჟაბლი.
გაოცებით მწყემსი წყნარი
ისმენს ციურ დაირასა;
ვინა სთქვა, რომ ზეცის კარი
სამუდამოდ დაირაზა?

ქვევით სახნის-კავის მდელო
მიაქვს დროთა უხსოვრებას,
ახალს აგებს საქართველო
ბედნიერს და მძლე ცხოვრებას.
მაღაროდან მადნის სრული
ფენა შუქად დაირაზმა;
ვინა სთქვა, რომ მიწის გული
სამუდამოდ დაირაზა?

მზეა მშრომელების ტომის
და დიდებით მიდის დიდით
სოციალისტური შრომის
სასწაულთა მაგალითით.
სავსე რწმენით და იმედით
ხალხი მიდის ახალ გზასა;
ვინა სთქვა, რომ მუშის ბედი
სამუდამოდ დაირაზა?

მოლოდინმა მტრების თვალებს
იმედები დაულია, -
ჩვენი დროშა დაფრიალებს,
ჩვენი დღესასწაულია!
გავარღვიეთ კლდე და ზღვარი
და მსოფლიოს ვაწვდით ხმასა;
ვინა სთქვა, რომ ქვეყნის კარი
სამუდამოდ დაირაზა?

მხარეს ვხედავთ მდიდართ-მდიდარს,
მას დოვლათი არ ელევა
და თავდასხმას არავითარს
აღარ ძალუძს მისი ძლევა.
მასა - მამულია მძლავრი,
და მამული არის - მასა;
ვინა სთქვა, რომ სიბრძნის კარი
სამუდამოდ დაირაზა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი