გაზაფხულის იისფერო მზერავ ..


გაზაფხულის იისფერო მზერავ,
ველებს მზიანს თუ ხეების ჩრდილოს -
გულ-წარმტაცი ფერადებით ფერავ -
ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს.

მილივლივებს ყვავილების ფენა
და შვენებას გასაოცარ ცქერის,
რასაც ჩემი ვერ გამოთქვამს ენა,
მას ბულბული უნაზესი მღერის.

ო, გადამრევს მგოსანს იგი მღერა -
სიყვარულის მომცემელო სრულის -
გაზაფხულის იისფერო მზერავ,
მწველო ჩემის შეზამთრული გულის!

უნაპირო ლაჟვარდია ზემოდ
და ის მიწას უვლის ცერა-ცერა -
მაისის მზევ და დროშებო ჩემო,
გაზაფხულის იისფერო მზერავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი