დღევანდელი დღის თვალი და ფიქრი ..


დღევანდელი დღის თვალი და ფიქრი
უმხურვალესი გრძნობით და რწმენით -
ეს მხედარია, რომელიც მიჰქრის,
რომელიც მიჰქრის ფოლადის ცხენით.

იგი რეკვაა ელექტროდენით
გავარვარებულ ცეცხლმდინარეზე,
გახმაურება, როს შორეულ ძმებს
ეძახის მოძმე უწინარესი.

ის ჩვენი სოფლის არის ამინდი,
ჩვენი ქალაქის არის სვე-ბედი,
რიგს შუაზე ჰყოფს, ვით დინამიტი,
და აკავშირებს, როგორც ცემენტი.

რა საარაკო დრო მიგვაქანებს,
რა საამაყო ამბებს ვესწრებით,
ცა დაუფარავთ ჰაეროპლანებს
და მოედნები ჰქუხს ორკესტრებით.

მზე, ის ბრწყინვალე მზე ამოენთო
და ნაკადებად გადმოიჟღერა,
რომ ეს სიმღერა არის პოეტის
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.

რომ მსოფლიოის ხმათა ხვეული,
ყოველნაირი, იბრძოდეს მარად
ერთ მთლიან ჰიმნად გადაქცეული,
გადაქცეული ერთ მთლიან ქნარად.

რომ იგი ქნარი და ეს ჰიმნია,
რომელიც მედგარ ხმით იზეპირებს
ბევრს საამაყო ომში დაცემულს -
კიდევ მეომარ და ცოცხალ გმირებს.

რომ მათ მარადისს, უკვდავ შინაარსს,
მომავლისათვის მღელვარე, ზვავი -
დიდს, გენიალურს ჰარმონიის აზრს
დაუნანებლად შესწირეს თავი.

რომ იმათი გზა, რაც უნდა ღირდეს,
ჩვენი ძალაა, ჩვენი ღონეა,
რომ ჰარმონია იგი დამკვიდრდეს,
ის ჰარმონია, ის ჰარმონია!

წამი, რომელიც თავს არ იზოგავს,
ბრძოლის ალებში არის ნალესი
და ამიტომაც დიად ეპოქას
ჩემი სალამი უმხურვალესი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი