ერთხელ შენ დაჰხვენ ..
ერთხელ შენ დაჰხვენ ჩემგან კარები ზღვის შორ სივრცისკენ... რა აჩქარებით შენ მე დამტოვე და დამიტოვე მრავალი დარდი და იარები. მე ვთქვი: სადაა გზები სავალი, რაც ახალგაზრდას ჰქონდა მრავალი, გადაიკეტა მართლა კარები, თუ არსად არის გამოსავალი? მაშინ სიობლე დამადგა თავზე, ჩემი ცხოვრების ცოდვებით სავსე. იგი ჩამოჯდა ჩემს სასთუმალთან და ის მახრჩობდა ჩემს სასთუმალზე. და აი, ამდენ ქვეყნიურ შხამის დაცლაზე ფიქრმა შემშალა ლამის, „რა გვეშველება“, - მომძახდა მარად გამწარებული ხმა შუაღამის. მაგრამ პოეტის მძლეთამძლეობა იყოს სიმტკიცე და გამძლეობა. ო, ჩანგო ჩემო, გახსოვდეს მარად ქვეყნისთვის ბრძოლის მოვალეობა. ავთან სასტიკად იყავი ავი, არ ჩამოაგდო უდროო ზავი, არ დაგინახო თვალებზე ცრემლი, განწირულებას არ მისცე თავი. ბევრზე ბევრია გზები სავალი, ხალხთ სამსახური - უფრო მრავალი. დამლოცოს შენმა კეთილმა ჩრდილმა, მძიმე, ეკლიან გზით მიმავალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი