ვისთვის უნდა იხედებოდეს ვინმე ..


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ვისთვის უნდა იხედებოდეს ვინმე
დაუკმაყოფილებელი,
მაგრამ დამორჩილებული
თვალებით?
რად უნდა გაიძახოდენ,
რომ პოეტისთვის
საბრალო პოეტისათვის
დღეს საქართველოში
ადგილი არ არის?
რად უნდა ოცნებობდენ
დაკარგული მიზნებით
და
ერთიმეორის მოწინააღმდეგე
აზრებით?
თქვენ გაიარეთ
ქარიშხლიანი ღამე,
თქვენ გწყუროდათ ბრძოლა...
ნუთე ეს იყო
მხოლოდ ცარიელი სიტყვები?
არ უნდა გეშინოდეს,
როდესაც პროჟექტორის
შუქი აპობს ღრუბელს.
არ უნდა გეშინოდეს
ღამის მოღუშული
ჩრდილების.
არ უნდა გეშინოდეს
ზარბაზნების გრიალისაც კი.
ქალაქები,
სახლებში,
ქუჩებში
არ უნდა ეძებო ის,
რაც სამუდამოდ
დაკარგულია.
(„დავტოვოთ წარსულ
დროებზე დარდი“).
რად გვინდა
წარსულის ნანგრევები?
რისთვისაც მაინცდამაინც
ამ გადატეხების დროს
მოგვინდა
სიმშვიდე და
მოსვენება
(ვისაუბროთ
უბრალოთ)?
შფოთით და გრგვინვით
მიანგრევენ კლდესა და ღრეებს
რევოლიუციის ნიაღვრები.
სპობენ, მარხავენ,
ძველი ფორმების უძლურებას,
რწმენას, სახეებს,
ყველაფერს, რაც კი
სუსტია და გაუჩარხავი,
ყველაფერს, რასაც ბატონობის
ჰქმნიდა ხარხარი...
სხვა მხარე,
ქცეული ლანდათა,
სხვა კერა,
რომელიც ენთება,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან
ახალი ყოფნისთვის შენდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი