მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის ..


მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი,
შენი ხილვა სინანულს მგვრის:
ო, ვერ სწყდება შენს მხრებს თვალი.

მთის ნიავი სხივს აქანებს.
თითქო ეხლა ყელ-მაღალი,
მაღალ მთაზე აგიყვანეს
დიდებული მესხის ქალი.

ნეტავ ზრუნვამ დიდზე დიდი
მოსაწევი და სართველო,
მთიდან მთაზე გასდოს ხიდი -
რომ შენ შეგხვდე, სანატრელო!

თუ არა და რა არის ის,
რომ გჭვრეტ, და ვერ გწყდება თვალი?
მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი!

მზეა და თვალთ მიბნელდება!
მეჩვენება შორი მხარე,
ვხედავ შორს ზღვას. უცებ ჩნდება
ფრთები... ფრთები მოელვარე.

მაგრამ თითქო უცებ გრძნებით
შებოჭილი მდუმარება
მოვერცხლილი იალქნების
ელვარებით იფარება.

და შეირხა ხომალდების
მშვენიერი, თეთრი მხარე,
ახმაურდა ზღვის კალთები,
ახმოვანდა არე-მარე.

აფრიალდა ძველი ქართლის
საბურველი და თავხურვა,
დაიძრა და ულაჟვარდეს
სიშორეში იწყო ცურვა.

მილივლივებს ჩქერი გრძნობის,
ხომალდების თეთრი ჩქერი,
ეს საიდან გაჩნდა ყრმობის
მოსიზმრება მშვენიერი?

ეს საიდან კვლავ ჩვენი მთის
და ჩვენი ზღვის თრთის შრიალი?
შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი.

ზღვის ნაპირით მოჭრილ სიოს,
თან ფიქრები მოსდევს ბასრი:
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს
ნეტავ ერთი ჰქონდეს აზრი.

ეს მოხდება, აქ ძლიერი
სიხარული მოვა - ველი!
მზეს დაბნედდა ეგ იერი
და მაღალი შენი ყელი.

გულთან ჩანგი გშვენის მწველი,
შენი სანდო ამხანაგი,
ო, ასეთი ერთი ყელი
და ასეთი ერთი ჩანგი!

ტკბილ სიზმარში მე მომესმის
გარდატეხათ ხეტიალი.
შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი.

მთვარემ ახალ გზას მიმართა,
მოიშორეს მთებმა ბური,
და ჰა, თვალწინ აღიმართა
მოძრაობა ვაჟკაცური.

სიცოცხლეა ხევთა შორის,
შორს მოისმის ახლის გრძნობა,
ამოძრავდეს, დე, ილორის
წინანდელი გიორგობა.

ღელვას ვამჩნევ ზღვას შესწავლილს,
მაგრამ მაინც ჯერ არ ცხრება,
და ედრება დღესასწაულს
უდიდესი გამარჯვება.

მე გიცანი. შენ იყავ ის:
შენით გულს ედება ალი.
შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი.

შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,
გიფრიალებს მხრებზე შალი,
შენი ცქერა სიხარულს მგვრის,
ვერ მაშინებს მომავალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი