მახსოვს ზამთრის შეღამება ..


მახსოვს ზამთრის შეღამება
სიჩუმე და ბინდი ჩქარი.
ძლივს ანათებს სარკმელს ჭრაქი,
სარკმელთან კი სტირის ქარი.
ვწევარ ბავში ავადმყოფი,
ტანს ნაბადი მხურავს ზედა.
და იდუმალ მწუხარებით -
სასთუმალთან მიზის დედა.
„ჩემო ბიჭო! - ამბობს იგი -
დაიძინე ტკბილის ძილით,
რომ ჯანღონით აღსავსე და
მხიარული ადგე დილით -
დაივიწყე ეს გრიგალი
დამივიწყე, შვილო, მეცა,
მოიგონე ტყის შრიალი
და ზაფხულის ლურჯი ზეცა.
მოიგონე ვერხვის ჟრჟოლა,
ტყეს იქით კი მინდვრიდანა -
როგორ ღელავს, როგორ მიდის,
როგორ ბრწყინავს ოქროს ყანა“.
მე ვუსმენდი ნაცნობ რჩევას -
დარიგებას, როგორც მცნებას -
და ოცნებებს მიცემული
ვეძლეოდი დავიწყებას.
ტკბილ სიზმრებში მე მესმოდა,
ზმანებათა ნელი ნანა:
იმ ვერხვების შრიალი და
იმ თავთავთა ოქრო ყანა.

ო, ძვირფასო! კვლავ ავად ვარ
მთელი სულით, მთელი ტანით.
იმავ ზამთრის საღამოის
მარტოობით ნამეტანით.
უფრო მწარედ, უფრო შავად,
უფრო მწვავედ ეხლა ჩნდება -
ჩემი მწარე სიყმაწვილის
გარდასულთა დღეთა წყება.
რატომაა, რომ არ მესმის
მე შენი ხმა ნუგეშ-მცემი?
რად არის რომ აწ ოცნებებს
აღარ ძალუძთ შველა ჩემი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი