მიყვარდა ჰანგი გრძნობით ..


მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი,
ყვავილებივით ნაზი და ჩუმი -
ხან მოშრიალე, ვით აბრეშუმი,
ხან მოთამაშე, ვით ნიავქარი.
სიმღერა - გულში დაგუბებული,
ხან ნიავივით, ხან შეშლილივით
როს სიღრმეში ვერ იტევდა გული,
გადმოდიოდა ფერად ლივლივით.
ვმღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში,
ვმღეროდი ტრფობის ან მტრობის ხმაზე,
მსურდა ყოველში და ყველაფერში
მუსიკა, გრძნობა და სილამაზე.
მუსიკა, იგი! ჰოი, მგოსნებო,
მართალი არის იგი თქმულება,
რომ უფრო დიდი და საოცნებო
უფრო მაღალი დანიშნულება
არ არის, როგორც განწმენდის ხმაში,
ვით ცეცხლის ალში, დააცხრო ვნება,
რასაც არ ჰქვია რითმათ თამაში
და განცდათ ტანჯვა - მშვენიერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი