მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა ..
მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა, უუნაგირო და ულაგამო, რაც მაბადია და რაც მებადა: მოგონებაა - შორი საღამო. აღტაცებანი გვწყუროდა თანა, სულით მაღალი და ჯანსაღ-ამო. ახალგაზრდობის იყო ის ხანა, ის მშვენიერი იყო საღამო. რა ვაჟკაცი ხარ, თუ არ გახსოვდეს - სიტყვა და საქმე შეასაბამო. არ დაგავიწყდეს შენ არასოდეს: საღამო ზღვაზე, წყნარი საღამო. არ დაშვებულა ჯერ კიდევ ფარდა და გულიც სცოცხლობს სულ იმის გამო, რომ ჩვენ სამშობლო გვიყვარს, გვიყვარდა - ჯერ არ დამდგარა მისი საღამო. როს მეგობრები შევხვდით ერთმანეთს, შორი, ვრცელი და დაუსაბამო, გაყრისა ჟამი ჰქონდათ ზღვას და მზეს, მხნე, მშვენიერი იყო საღამო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი