რატომღაც, როცა არემარეს ..


რატომღაც, როცა არემარეს
გრგვინვა გაჰქონდა,
სამოქალაქო ომის წლები
მე მომაგონდა.
რა ბრწყინვალებას და სიმდიდრეს
ელოდენ ბრმები,
ალექსეევი, კორნილოვი,
ანტანტის ყმები?

მათი მემკვიდრე დენიკინი
ამცდარი ხიფათთ,
თუნდაც საათით, თუნდ წამით რომ
იქცა ხალიფათ?
აი, კოლჩაკი, უცხო მხარეთ
მომხდურთა მიერ
უზენაესად წოდებული
კაცი ძლიერი...

დაიმსხვრა იგი ადმირალი,
ნაცვლად დიდების -
გზა ხვდა გლეხების ნაჯახისა
და ორთითების.
თვით იმის მფარველთ წინააღმდეგთ
თითქმის ექსტაზით
იგი გადასცეს, რათა მისი
სიცოცხლის ფასით

როგორმე იქით გაეყვანათ
თავისი ჯარი,
თავისი ოქრო გაეტანათ
და საწინდარი.
იუდენიჩი რას ელოდა,
ანუ ვრანგელი,
სხვა ცერბერები, სხვა ქოფაკი
და ღრიანკელი?

ყველა ცხოვრობდა უცხოელთა
იმედით, ფრთებით,
ყველა მათ მზაკვრულ დავალებას
გულმოდგინებით
შეასრულებდა არშემკრთალი
რაიმე ვადით,
ეხმარებოდა რა დენიკინს
ნავთით, სურსათით.

მაგრამ შეუძლო გახდა ყოფნა
ერთმანეთს შორის,
ვერ მოითმინეს
და ეკვეთნენ ერთიმეორეს.
აერთიანებს მხოლოდ შრომა
და ვით ნანგრევებს
თიშავს, აშორებს საკუთრება,
განაცალკევებს.

მტრისათვის მარად კარი გვქონდა
გადაკეტილი.
ნუთუ არ არის ფაშიზმისთვის
ეს - გაკვეთილი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი