სიმაღლეებზე აღმართულო ..


სიმაღლეებზე აღმართულო
ნანგრევო ტაძრის,
ვითარ დიდია შუბლის შენის
შორი შვენება.

შენს ჩუქურთმაში ვერ შეჭრილა
გადაშენება,
ვერ გეკარება დავიწყება
ფერფლის და ნაცრის.

შენ გადაურჩი ჟამთ სიავეს,
მტერთა სიმკაცრეს,
სარკემ დროისამ დაგვანახვა
სხვა მოჩვენება.

შენზედ ამართულს, მნგრეველ ხელებს
სდევს შეჩვენება,
შენ უკვდავი ხარ. შენი ფუძე
მაინც ვერ დაძრეს.

შენი ცა ბრწყინავს. ქვევით ჩქარი
მიჰქრის რიონი,
შარავანდედით ბრწყინვალეთი
კავკასიონი -
არ შეირხევა - და არ იტყვის:
რა გვემართება!

სწორედ ამ ქვიდან, მესხეთამდე,
კიდითი კიდით,
სწორედ შავ ზღვიდან დარუბანდის
კარებით დიდით -
ახალი მძლავრი პოეზია
აღიმართება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი