ჩვენი დღის ამბებს ..


ჩვენი დღის ამბებს - ძალიან მწყრალი
თვალებით უსმენს ჩემი გადია;
კეთილი, ძველი ქართველი ქალი,
ვისიც გზა სულის სიდიადეა.

არა აქ უნდა ნახოთ, არამედ
იქ, სადაც ლოცვა და ზარებია
და შორეული ეპოქის ღამედ
კანკელი ფერებს შეფარებია.

სვეტიცხოველში ეშვება მაშინ
გაოცებული ლანდი - აგატი
და უუძველეს მიწაში ნაშენს
სხივები ცვივა, ბროლთა ნაკადი.

ფანტასტიური. ოცნებიან დღეს
ქერუბიმების მოესმის კვდომა,
მას შეუყვარდა ყოველივე ეს -
ფერისცვალება, ბზობა, აღდგომა.

გადია! ლაჟვარდ სირმარეული
გუმბათების ქვეშ ხატებს ევლები,
მთვარეული და სიზმარეული
გეჩვენებიან სასუფევლები.

კვლავ გუმბათიდან უნაზეს ლილას
განგიალებენ სნეულ ფერებით,
შავ მარმარილოს, თეთრ მარმარილოს
და მარმარილოს ვარდის ჩქერებით.

გწყურია, ოდეს სანთლები ელავს,
წაიღო სულით აურზაური,
ბაგით შეეხო მადონას ხელებს
და იგრძნო სუნთქვა არ აქაური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი