წყნარად მისცურავს ნარნარი მთვარე ..


1
წყნარად მისცურავს ნარნარი მთვარე,
გაღვიძებულა ცა მგლოვიარე;
წყნარად მიმოქრის ნიავი ნელი,
ოცნებით სავსე და უზრუნველი.
წყნარად დუდუნებს წყარო ანკარა,
მშვიდად მთის ჩრდილი ძირს დაიხარა;
წყნარად ჩურჩულებს ტყე დაბურული
იდუმალებით გარემოცული.
წყნარად ვარსკვლავნი იღიმებიან,
წყნარად ჩნდებიან, წყნარად კრთებიან;
მომბეზრდა კიდეც ბუნება წყნარი,
მარად ჟამს მშვიდი, მუდამ ერთგვარი!

2
ქარიშხალო! თუ კი სიღრმეს
შერჩენია ცრემლის ცვარი,
გადმოინთხეს შენს თვალთაგან
ვით მთის კლდიდან ნიაღვარი.
არას ვნაღვლობ, წარმიტაცოს
კაეშანმა შენის სულის
ნაღვლიანის, სევდიანის,
შავბედის და დაფარულის!
მე ბრძოლა მსურს, დეე, მოვკვდე,
იქ, სადაც სჩქეფს სისხლის ღვარი,
მუდამ ნისლით დაფარული
ზღვა შავი და ბობოქარი.

3
ვარდზე შთენილი მიყვარდა ნამი,
მიყვარდა დილის ციმციმ-კამკამი,
მიყვარდა ნაზი ცისა ეთერი,
მიყვარდა სხივი პირმშვენიერი.
მიყვარდა მდელო გულგადახსნილი,
ტურფა ზამბახი, ველზე გაშლილი;
მიყვარდა მარად ნიავი მშვიდი,
სუნთქვას ვავლებდი და გულს ვუხსნიდი.
ბუნების წიაღს თავს ვევლებოდი,
რარიგ ვსცდებოდი... რარიგ ვსცდებოდი.
მიყვარდა ია, მიყვარდა ვარდი,
ოჰ, მე კი... მე კი, არვის ვუყვარდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი