აბისინელი ჯარისკაცი
ორნი ძმანი ვიყავით, მე მჯობნიდა პირველი, სიმამაცით, გატანით, შრომით გასაკვირველი. მე ვიყავი კეთილი, ის - სხვა სულისკვეთების, მკაცრად ჩამოკვეთილი, რისხვა მძლავრი ქედების. ძმა წამართვა ზუზუნმა მომხდურ მტერთა ტყვიების, აწ გულს ცეცხლად ედება გრძნობა შურისძიების. ვისიც სისხლის დალევის სურვილი მაქვს ძლიერი, მხეცი, დაუნდობელი არის იტალიელი. დაიღუპა ჩემი ძმა, სოფლებსა და სადგურებს ცეცხლი უფრო და უფრო ლეწავს და ანადგურებს. ბრძოლა თუნდაც გათავდეს, ვინ რომელს გაასვენებს, მე კი სისხლის აღების ფიქრი არ მომასვენებს. მე დროს ვუცდი შესაფერს, ის დროც მალე დადგება, ჩემი თოფ-იარაღი მაშინ გამომადგება. დაიღუპა ჩემი ძმა, ცა მას ცრემლებს აპკურებს, სისხლიანი გრიგალი სამშობლოს ანადგურებს. ვისიც სისხლის დალევის სურვილი მაქვს ძლიერი - მტერი, დაუნდობელი, არის იტალიელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი