ავდრის მოლოდინი
წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში დათოვა თოვლი ია-ზამბახის! შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი, მზეთუნახავი და მკრთალი სახის. სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის, ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი, ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის ალვაში შედის მრავალთ-მრავალი. ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება. წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით და არც ცრემლები დაგვედინება. ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი. თუ მწიფობისთვემ შესცვალა დარი - მებაღემ მოსვლა თუ არ ინება! შენ სული გქონდა ისე კეთილი, ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული! ეხლა დაღლილი და დაფლეთილი არის ქსოვილი ფერ-მიღებული. ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი? ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა! ქსოვილი წვიმის ცვრებით სოველი, წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა. ფიქრები ქარის ქვითინში კვდება, ფიქრები კვდება ნისლში და ქარში: არ არის არსად ბედნიერება! ფიქრები კვდება ნისლში და ქარში. ეს მწუხარე და მწველი ზუზუნი მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში! ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში. ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებს ისვრის ღრუბლები და დაღლილობა: მთებს, ირმებს, შველებს, ხევს და ნაპრალებს აწუხებთ ღრუბლის მძიმე ჭრილობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი