ავტომობილი და ურემი


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ახალთახალ შარაზე
მიჰქრის
ავტომობილი -
ჩემი გადარეული
და კეთილი
ძმობილი.
გზა მიეცით მანქანას,
მომავალი
მისია, -
იგი ჩვენში ახალი
ყოფის
დასაწყისია!
არსად არ გადუხვიო, -
ეს გზა
სწორზე სწორია:
მარცხნივ
მხოლოდ ხრამია,
მარჯვნივ -
პრეისტორია.
რა თქმა უნდა, სხვა იყო
ჩვენი ძველი
ურემი,
მისი ხარ-კამეჩები,
მისი
აპეურები.
ვერსად ნახავ იმნაირს,
დაიარო
ხმელეთი,
მისით იფინებოდნენ
ცხრამუხა და
თელეთი.
მაგრამ ავტომობილმა
როცა შემოუტია,
გადინაცვლა ურემმა,
ცოტათი
გზა უტია.
უცხო შინის სისწრაფე
იგრძნო თვით
აპეურმა,
მაგრამ ძველი, ცბიერი
არ დაიბნა
მეურმე:
- გამარჯობა, შოფერო!
მიცან?
აი, დედასა!
იმ დღეს კამეჩები რომ
გადამიფრთხე
ქვედასა?
და შოფერი ღიმილით
მეურმესთან
მივიდა:
- რას ჭრიალებ მაგ შენი
ძველი
ურემივითა?
- დააყენე, ჯობია,
შავ ვარსკვლავზე
შობილი,
დააყენე, მე გირჩევ,
შენი ავტომობილი.
მაგ მანქანას ეს ჩემი
ძველი ღერძი
სჯობია, -
ოცდაათი წელია
ნეკიც
არ უღრძობია.
არხეინად მივდივარ,
დღეობას ვარ
წვეული,
ურემია კაკლისა
მამა-
პაპისეული.
შენაც ჭკუას მოეგე,
სიტყვაცა სთქვი
წყობილი, -
ურემს როგორ აჯობებს
შენი ავტომობილი?
არხეინად მივდივარ,
დღეობას ვარ
წვეული,
ურემია კაკლისა
მამა-
პაპისეული.
შოფერი ყურს არ უგდებს,
მიჰქრის
ავტომობილი -
ჩემი გადარეული
და კეთილი
ძმობილი.
არსად არ გადუხვიო -
ეს გზა
სწორზე სწორია:
მარცხნივ მხოლოდ ხრამია,
მარჯვნივ -
პრეისტორია.
უფრო სწრაფად, ისე, რომ
ის მეურმე
სამხრეთით
ჩანდეს, როგორც წერტილი,
თავის იფნის სახრეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი