არ განახლდება, არ დაბრუნდება


ნიავი დაქრის... სასაფლაოზე
ღამე ეშვება... მთები ბინდდება...
შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზე
და მწარედ, მწარედ აქვითინდება.
ქვითინი იგი მიწას ჩასწვდება,
ცრემლები კიდევ - ყვავილთა ძირებს,
გამოიგლოვებს სიყვარულს პირველს,
სიცოცხლეს თვისას გამოიტირებს.
ნუგეში არ სურს ობლადა შთენილს,
თვითონაც იცის, რისთვისაც კვდება -
არ განახლდება კიდევ იგი დრო,
ბედნიერება არ დაბრუნდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი