ახალგაზრდობა
ვიყავ ბერლინში - ასფალტის სარკე, ცივი სახლები, ცივი ნუსხები... ისეთი არის მისი სიკარგე, რომ მწუხარებით დაისუსხები. აზრი ცივია. და რახანია იყენებს ამ აზრს შავი დღისათვის, რომ ქაოსია, რომ გერმანია იბრძვის რასიულ სიწმინდისათვის. ფრიდრიჰშტრასეზე ვიდოდა, ვნახე, მისი ახალი ადამიანი, ბარბაროსული ჰქონდა მას სახე, ენაც ველური და შხამიანი; იძახდა: ჩვენი არისო რასა ყველაზე მძლავრი და სრულყოფილი; მიანგრ-მოანგრევს, დალეწავს, რასაც მიადგეს მხეცებრ სვეკმაყოფილი. არ შეუძლია მას შენელება და ვერ მოითმენს ხმის შებრუნებას, ეს სიამაყის საშინელება ადამიანურს არცხვენს ბუნებას. გამომხატველი ავადმყოფ ჟინის, მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება, მწვავე სიმსივნე ახალ ბერლინის, მიხაკისფერი საშინელება. ჩვენს კომკავშირელს კი განაზრახი აქვს მისწრაფება მძლე, ხელოვანი, როგორც სიცოცხლე არანაძრახი, როგორც სიკვდილი სახელოვანი. ჩვენს სამშობლოში, ნახეთ, ვითარი ჰყვავის ვარდები დაულეველი, სხვაგვარ ამაყი, თქვენ ხართ მდიდარი, მილიონებში ხელის მრეველი. ახალგაზრდობა არსებობს ბევრი, გადასული დრო ფერს რომ უნახავს, მაგრამ ჩვენსავით ოცნებამჭევრი ახალგაზრდობა არვის უნახავს. შენი ქარხნები, შენი ტყე-ველი მსგავსი არ არის ქვეყნის ბებერის, იყავ მედგარი და უძლეველი, როგორც ოქტომბრის დროშას შეჰფერის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი