ახმაურდეს


ახმაურდეს, გრძნობით დუღდეს,
არ დაეტყოს ხნოვანება.
ძველებური ძალით ჰქუხდეს
ჩანგთა ჩვენთა ხმოვანება!

რა უნდა ხმას გაუბედავს,
სადაც ბევრის მზერა ტლანქი
სინათლესაც ბნელად ხედავს
და გონებას უხშობს ბანგი!

გამოფიტულს, აზრდაკარგულს
დღეს ზოგიერთს შერჩა ერთი
მისწრაფება და გულდაგულ
გატაცების ერთი წერტი:

ეს ამაო და მდაბალი
გატაცება იქ ბობოქრობს,
სადაც თვალი, ხარბი თვალი,
მოპრიალეს ხედავს ოქროს!

შენ კი ყოფნა გესმის ასე:
თუ გსურს გაიტანო ლელო,
უანგაროდ გვებაასე,
მეგობარო ძველისძველო!

ჩანგს სიმართლეს ათქმევინებ,
რომ სიმტკიცე ექნეს დიდი:
ვერც გზას გადაახვევინებ,
ვერც ოქროთი მოისყიდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი