ბაყაყი, მსგავსი დელაროკისა
მაშინაც, როცა ქანდაკებები ხეზე შებურდულს გვანან ტიკინებს, - ბაყაყი, მსგავსი დელაროკისა, ვერსალთან წყალში ასე ყიყინებს: ვერ მოვიმხარი, რას დაემსგავსა ჩემი სამშობლო, ჩემი ჭაობი, ერთ დროს განთქმული. აბრეშუმივით ნაზი, ყვითელი სანახაობით. სადაა ხავსის სველი ხავერდი, მასში ჩამპალი შამბის ღეროთი, მორზე წყნარად რომ დავეყრდნობოდი და უდარდელი ჰანგით ვმღეროდი? მთვარე რომ ღრუბლით მოაშუქებდა, დაიქროლებდა შორით ბორიო, ჩვენი კონცერტიც იქ იყო მაშინ, უკვდავი რამე, საისტორიო. და შმორი, შმორი, შმორი ისეთი ნაზი, მსუბუქად დამათრობელი - დაღლილ მიდამოს ეფინებოდა, როგორც თავის შვილს დედა მშობელი. როს კოღოები ჩვენი ჭაობის გაიშლებოდენ მინდორ-ველებად ან მთელ პარლამენტს მოედებოდენ ციებ-ცხელების საშინელებად. თქვენ, ბაყაყებო, ნეტა რად სდუმხართ, ხმას რად არ იღებთ მაინც, ნეტავი? გამოსთქვით თქვენი გულის ნაგრძნობი, დროა, გაბედეთ გასაბედავი. მართებს თუ არა აქ რომელიმეს ურყევ ბედის წინ თავი დახაროს; გაშალოს თვალწინ ახალი ფრონტი, ჩვენ აგვიკლოს და სხვა გაახაროს? - არასდროს! - ისმის სხვათა პასუხი, - რისი გაშლა და რისი თაყვანი და ბაყაყების ყოველი მხრიდან აუტანელი ატყდა ყაყანი. - გასწი! - შევსძახე მაშინვე შოფერს, - თითქო სთვლემ მთელი წელიწადია. არ დაგვეწიოს ციება, თორემ სულს ამოგვართმევს, ცხადზე ცხადია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი