ბევრნაირი ახდა ნატვრა


რა ტკბილია დასვენება
საღამოს ჟამს, შრომის მერე,
მოალერსე ფრთით განაბნევს
დაღლას სიო მოჩანჩქერე.

ფოლადივით ელავს წყალი,
მიაშურებს ზვირთებს ნელა,
სად ვენახთა დარაჯებად
დგანან მუხა და წიფელა.

დარბაისლად დაბრუნდება
ჭრელ ძროხების დინჯი ღვარი,
სახლთან, დახურულთან ყავრით,
მიქუჩდება უეცარი.

ჩონგურისას აწყობს სიმებს
ნათელ ქოხის ჟრიამული,
გაიშუქებს ელექტრონი
ბინდის ცვარით მონამული.

და წერწეტა ალვათ შორის
ისე, როგორც ვერცხლის ნავი,
გამოცურდა მთვარის დისკო
ლურჯ სიჩუმით მონართავი.

მაგრამ მისი მოკამკამე
მკრთალი შუქი მშვიდი ფრთებით
იჩრდილება ელექტრონის
ცეცხლოვანი აფეთქებით.

რეკავს თარი. უძველესი
კაკლის ხის ქვეშ, თარის ხმაში,
მოხდენილად უვლის ქართულს
წყვილი, ცხარე ისმის ტაში.

მხიარულობს ახალგაზრდა,
ახალგაზრდა სწავლობს კიდეც.
მებაღე და აგრონომი
მისევია კიდით კიდეს.

დასჭირდება მხარეს მრავლად
პედაგოგი, ინჟინერი,
ახალ ქვეყნის სამუდამოდ
შეცვლილია სახე, ფერი.

გრძნობა დიდი, მშვენიერი
ძველ ჭრილობას უმკურნალებს,
მოხუცები სიხარულით
შლიან წიგნებს და ჟურნალებს:

როგორ ცხოვრობს სოფელ-ქვეყნად
ახლობელი, შორეული?
რა ხდება იქ, ევროპაში,
რა სნება აქვთ მორეული?

რისთვის უნდა იაპონელს,
რომ მახვილი ჩასცეს ჩინეთს?
რისთვის ესხმის იტალია
თავს საბრალო აბისინელს?

რისთვის შხამავს ამერიკა
ფორთოხალის მთა და გორებს,
დასაწვავად ხორბლის ტომრებს
ცეცხლისკენ რად მიაგორებს?

ზღვაში რისთვის ყრიან ყავას?
კაცს შეიპყრობს გაოცება -
ზღვაში ყრიან საზრდოს, ხალხი
კი შიმშილით იხოცება!..

ან ეს კიდევ რა წიგნია? -
ხანში მყოფი ჭაბუკს ჰკითხავს -
ტრისტანისა და იზოლდას
შენ ამბავი წაგიკითხავს?..

სმენა იყოს, გაგონება -
და ღიმილი დაჰკრავს სახეს -
ვაჭრებმა და ბობოლებმა
რა ხანია განიზრახეს,

მოეწიათ ჩვენში ჩაი,
გამდიდრებას დიდი ჟინით
მოელოდნენ ფორთოხალით,
ლიმონით და მანდარინით.

არაფერი გამოვიდა:
ჩაი იყო უგემური,
და ხეებიც მჟავე ნაყოფს
იძლეოდა უდღეური.

ალბათ, ჰავა აქაური
მათ არა რგებს, ხეებს სცივა,
და მთავრობამ ციტრუსებზე
გამოგზავნა დირექტივა.

შეიკრიბნენ სწავლულები,
ძვირფასია თითო წუთი,
ითათბირეს და კვლევითი
აღმოცენდა ინსტიტუტი.

იწყეს კვლევა და გარდაქმნა
ბუნებისა. მიაღწიეს
მას, რომ ჩაი და ნაყოფი
შემოსავლის ზღვად აქციეს.

ჩაიცა და მანდარინიც
გემრიელი რამე გახდა.
სადაც კერძო თაოსნობა
გაკოტრდა და გაპარტახდა,

კოლმეურნე მილიონებს
იძენს კოლექტიურ ხვავით.
განცვიფრებას ეძლევიან
მოხუცები ამ ამბავით.

თანაც ჩიბუხს აბოლებენ,
თან მსჯელობენ, რომ მობრუნდა
მათი ბედი, რომ ყველაფერს
ცოდნა, განათლება უნდა.

რომ არც ბაღი შემცირდება,
არც ვენახი რას წააგებს,
და ახალი კულტურები
შეცვლიან ტყის ჩირგვს და ჯაგებს.

რომ კულტურის დაღს ატარებს
თვითეული ჩვენი ნივთი,
რომ ციების კოღოს მოსპობს -
ჭაობს აშრობს ევკალიპტი.

და დროც მიდის საღამო ხნის
მშვიდობიან ლაპარაკით,
რომ ტუნგოს ხე განთქმულია
იშვიათი რამე ლაქით.

მისით გადაფარულ რკინას
არ ედება ჟანგი მწვავე,
ვერას ავნებს რამე გვარი
სინესტეა თუ სიმჟავე.

დაფიქრებით მოხუცები
ბრუნდებიან თავის ბინად:
სრულებით არ იზრდებოდა
ამგვარი ხე ჩვენში წინად.

ხომ ცხოვრობდნენ - თავის სოფლის
იქით არა ენახათ-რა...
ძლიერ, ძლიერ  იცვალა დრო,
ბევრნაირი ახდა ნატვრა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი